English / ქართული / русский /
ვასილ ხიზანიშვილი
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა ანუ “ჰუმანური ეკონომიკა”

ანოტაცია. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყოველი მოძრაობების, მიმართულებებისა თუ მოსალოდნელი კრიზისების ფონზე, მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკური კონსტელაცია, ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში განიხილება პოსტ-კაპიტალისტურ, პოსტსოციალისტურ ეკონომიკად, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა.


ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია მიმართულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დაბალანსებისაკენ, ესწრაფვის სოციალურ სამართლიანობას, ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივ გამოყენებასა და დაცვას. ის წარმოადგენს ჰოლისტიკურ მოდელს, დაფუძნებულს ძლიერ და ინოვაციურ საბაზრო ეკონომიკაზე.

ჰუმანური ეკონომიკის, როგორც მორალური და პოლიტიკური პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალი ინსტიტუციური სინთეზის შექმნა და დანერგვა პრაქტიკაში, რათა ყოველთვის არსებობდეს ღია წარმოდგენები უკეთესი მომავლის მსოფლიოს მიმართ.

საკვანძო სიტყვები: სოციალურ-ეკონომიკური კონსტელაცია, ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა, ჰუმანური ეკონომიკა.

შესავალი

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყოველი მოძრაობების, მიმართულებებისა თუ მოსალოდნელი კრიზისების ფონზე, მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკური კონსტელაცია, ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში განიხილება პოსტ-კაპიტალისტურ, პოსტსოციალისტურ ეკონომიკად, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა.
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა, ანუ “ჰუმანური ეკონომიკა” წარმოადგენს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ხედვას [1], სადაც საბაზრო ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები ქმნის “სტარტეგიულ სამკუთხედს”, რომელშიც საბაზრო ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას; ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის სტიმულების შექმნას; ინვესტიციების გაფართოებას; ნორმატიული და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას კეთილსინდისიერი კონკურენციის განსახორციელებლად გლობალურ მასშტაბში; საგადასახადო სისტემის მოდიფიცირებას “ღირებულების მწარმოებელი ეკონომიკს” სასარგებლოდ. სოციალური ასპექტი ნიშნავს სამართლიანი ურთიერთობის განხორციელებას სახელმწიფო სოციალურ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ სოციალურ მომსახურებას შორის; კერძო ინსტიტუტების უფრო მეტად განვითარებასა და მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეეძლოთ ახალი სოციალური პრობლემებისთვის თავის გართმევა; სოციალურ სოლიდარობას გლობალურ დონეზე. ხოლო ეკოლოგიური ასპექტი გულისხმობს გარემოს დაცვასა და მის მდგრად განვითარებას გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების განადგურების ტენდენციის უწყვეტი შემცირების გზით; ეკოლოგიურ სიმართლეს ფასებსა და ხარჯებთან მიმართებაში; რეალურ ეკოლოგიურ გადასახადებსა და ეკოლოგიაზე ორიენტირებულ კანონებს; მკაცრ და ზუსტ დეკლარაციას საკვებ პროდუქტებზე (პროდუქტის წარმოშობის, წარმოების, ვარგისიანობის, გენური ინჟინერიის, ჰორმონების გამოყენებისა და სხვ. საკითხებს) [2].
ამ სამკუთხედის სამივე მხარეს შორის წონასწორობის დაცვა და მისი შენარჩუნება პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს არა იდეალურ ჰარმონიას, არამედ მუდმივ ჭიდილს სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ძალების განსხვავებულ ინტერესთა შორის რაციონალური ბალანსისათვის. შესაბამისად, იგი მოითხოვს მკვეთრი პოლიტიკის გატარებას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. საჭიროა ძლიერი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, სამართლიანი თამაშის წესების შექმნა და უზრუნველყოფა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის პირობებში, სოციალური და ეკოლოგიური სტანდარტების შექმნა და ტრანსპარენტულობის განხორციელება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

* * *

თანამედროვეობის უმთავრესი საკითხია თუ საბაზრო ეკონომიკის რომელი ტიპი არის უფრო ეფექტური ეკონომიკური წარმატების, სოციალური სამართლიანობისა და ეკოლოგიური მდგრადობის კუთხით? [3]. დღეს უმეტეს ქვეყნებში მიმდინარეობს მსჯელობა ნეოლიბერალური და ნეოკონსერვატული საბაზრო ეკონომიკების ირგვლივ. ამ ორ ალტერნატივას შორის ძევს სოციალური და ეკონომიკური საბაზრო ეკონომიკა, ღია და ფლექსიბლური სისტემა, რომელშიც თითოეული ქვეყნის სპეციფიკურ გარემოებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია კორექტივების შეტანა. სწორედ ამიტომ, ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა ეკონომიკურ სისტემათა სკალაზე არის არა ფიქსირებული წერტილი, არამედ - ამპლიტუდა, რომელსაც ძალუძს განსაკუთრებული საჭიროებებისა და გარემოებების მიხედვით მოძრაობა (მაგ., როცა უმუშევრობის დონე იზრდება, სახელმწიფო ან მისი დასაქმების სააგენტო უნდა გააქტიურდეს) [4]. თავისუფალ ბაზრებს თავად არ შეუძლიათ ან არ არიან დაინტერესებულნი გარემოს დაცვით, ამიტომ ხელისუფლების მოქმედება წარმოადგენს აუცილებლობას. უმაღლესი სოციალური და ეკოლოგიური სტანდარტების შექმნა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მიიჩნევა როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო მშვიდობისათვის მომავალში.

ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა აღნიშნავს უკეთესი სამყაროს კაპიტალისტურ ხედვას, სადაც ადამიანები თანხმობაში არიან ბუნებასა და ეკონომიკასთან, რომელშიც არსებობს პოსტციკლური მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც მტკიცედ ფართოვდება და მეტად აღარ სცნობს საფონდო ბაზრების ჩამოშლასა თუ საბირჟო კრახს. იგი მიისწრაფვის ეკოლოგიურ-ეკონომიკურ-სოციალური ჰარმონიის პირობებში კაცობრიობის მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაცხოვრებისაკენ.
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია მიმართულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დაბალანსებისაკენ, ესწრაფვის სოციალურ სამართლიანობას, ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივ გამოყენებასა და დაცვას. ის წარმოადგენს ჰოლისტიკურ მოდელს, დაფუძნებულს ძლიერ და ინოვაციურ საბაზრო ეკონომიკაზე. მისთვის უალტერნატივოდ პრიორიტეტულია ეკონომიკურ ქმედებათა სასიცოცხლოდ აუცილებელი კრიტერიუმები: სოციალური სამართლიანობა და მეტი პასუხისმგებლობა ბუნებრივი საყოფაცხოვრებო გარემოსათვის (იოზეფ რიგლერი) [5].
ეკოკაპიტალიზმის ქვაკუთხედია რესურსების პროდუქტიულობის მკვეთრი ამაღლება, რომლის ეფექტიან გამოყენებას გააჩნია სამი მთავარი უპირატესობა: იგი ღირებულების შექმნისას ანელებს რესურსების გამოლევას; ამცირებს დაბინძურების მასშტაბებს და უზრუნველყოფს რაციონალური შრომის საფუძვლების გლობალურ გავრცელებას.
ჩვენი ეკონომიკური და სოციალური სისტემა თავისი ამჟამინდელი ფორმით დამოკიდებულია რაოდენობრივ ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება და რესურსების დეფიციტის გადიდება სვამს კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ კეთილდღეობა ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე ხანგრძლივი დროით. ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკის პროგრამა აქცენტს აკეთებს არა უბრალოდ რაოდენობრივ, არამედ უფრო მეტად ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, რაც ნიშნავს როგორც ხარისხობრივ ზრდას, ისე ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. მისი მოწოდება ,,ცხოვრების უკეთესი ხარისხი ყველასათვის - დღეს და ხვალ“ აღნიშნავს: ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, საზოგადოებრივ სოლიდარობას, განათლებას, ეკონომიკას, დასაქმებასა და ბუნებრივ გარემოს ერთი მხრივ, და ადამიანის სუბიექტურ კეთილდღეობას - მეორე მხრივ.
ბუნებრივი რესურსების გამოყენება და მთელი ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების საფუძველს, მაგრამ მათმა ექსპლუატაციამ შეიძინა იმგვარი მასშტაბები, რომ შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარება თანამედროვე პირობებში საფრთხის ქვეშაა. გამოცდილების თანახმად, ეკონომიკური ზრდა იწვევს რესურსების მოხმარების ზრდას. მიუხედავად შესამჩნევი პროგრესისა, მიღწეული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის სახით (ე.ი. რესურსების გამოყენების ეფექტიანობა პროდუქციის ერთეულზე) წარსულში, როგორც ჩანს, ძნელად სარწმუნოს ხდის იმ მოსაზრებას, რომ რესურსების გამოყენების აბსოლუტური შემცირება შესაძლებელია მიღწეულ იქნეს რაოდენობრივი ზრდის პარალელურად. ამიტომ, ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკის ამოსავალი წერტილი არის იმგვარი ეკონომიკური ზრდის გააზრება, რომელიც ნაცვლად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რაოდენობრივი მაჩვენებლებისა, მიმართულია ხარისხობრივი გაუმჯობესებისკენ. ხარისხობრივმა ზრდამ უნდა შეცვალოს რესურსების ინტენსიურ გამოყენებაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ჩვენ უკანასკნელ ათწლეულებში განვიცდით. ეს კი მოითხოვს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტის - ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული საფუძვლების პრეზერვაციას. ამგვარად, ბუნებრივი რესურსების ფრთხილი, რაციონალური მოხმარება წარმოადგენს აუცილებელ პირობას საზოგადოებათა კეთილდღეობისა და აყვავებისათვის.
მომავალს გააჩნია თავისი შუქ-ჩრდილები, რაც გამოიხატება კლიმატის მკვეთრ ცვლილებაში, რესურსების უყაირათოდ ფლანგვაში, ბიომრავალფეროვნების შემცირებაში, დესერტიფიკაციასა და ა.შ., რომელიც უშუალოდ გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეკოლოგიური კოლაფსი, ჩვენ პრინციპულად უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში. უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს რესურსებისა და ენერგიის გამოყენების მკვეთრი შემცირება ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მოხმარების ქვეყნებში. ეს არის ერთადერთი გზა მათი მოხმარების სამართლიანი, გლობალური განაწილების მისაღწევად. ამავე დროს, სოციალური პრობლემები, როგორიცაა სიღარიბე, ხდება კიდევ უფრო მკვეთრი და ქონებრივი დიფერენციაცია მდიდრებსა და ღარიბებს შორის იზრდება მთელ მსოფლიოში. ერთადერთი გონივრული გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან არის ეკოსოციალური ცვლილებების ეფექტი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იქნებოდა მსოფლიოს მოსახლეობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებისა და მოთხოვნების მორიგების გზით. ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა განსაზღვრავს აუცილებელ ჩარჩო-მოთხოვნებს, რომლის გათვალისწინებითაც ეკონომიკას შეუძლია მყარად ფუნქციონირება.
ჩვენ მიერ უკვე აღნიშნული განსახორციელებელი ღონისძიებების გარდა, ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა ასევე ფოკუსირდება ფისკალური პოლიტიკის ირგვლივ. ეკოკაპიტალიზმი გვთავაზობს ახალ საგადასახადო და სუბსიდიის რადიკალურ სისტემას. ეკოსოციალური რეფორმები აუცილებელია ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის განსამტკიცებლად. მათი რეალიზება ხელს შეუწყობს დასაქმების, რესურსებისა და ენერგიის ეფექტიანი გამოყენების პრობლემების გადაწყვეტას, რის წინაპირობასაც საგადასახადო სისტემის გამარტივება წარმოადგენს. ფისკალური რეფორმის ძირითადი იდეა მდგომარეობს საგადასახადო ტვირთის ნეიტრალური შემოსავლებიდან და სოციალურად მისაღები, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომიდან ეკოლოგიურად მავნე საქმიანობაზე გადანაცვლებაში. აუცილებელია კონტრპროდუქტიული სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების შემცირება ენერგიისა და რესურსების მოხმარებისთვის ისევე, როგორც გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადების გაზრდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შრომითი გადასახადების (საშემოსავლო გადასახადისა და სოციალური უზრუნველყოფის ანარიცხების) დაწევა დაბალ და საშუალოშემოსავლიან მოქალაქეთათვის. ამგვარი შემცირებებით შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ დასაქმების პრობლემის მნიშნელოვნად გამოსწორება და ეკონომიკური უპირატესობის მიღწევა, არამედ - უპირატესობის მოპოვებაც ბაზარზე. ამდენად, ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელი შეიძლება გააზრებულ იქნეს კაპიტალისა და შრომის სინთეზის გაგრძელებად, სადაც გარემოს დაცვის საკითხი ხდება ბაზრის ინსტრუმენტის ნაწილი.
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა დაფუძნებულია სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე. მას კორექტივები შეაქვს იქ, სადაც ბაზრის ძალებს არ ძალუძთ მყარი შედეგების ჩვენება. იგი მიმართულია ეკონომიკას, სოციალურ საკითხებსა და ეკოლოგიას შორის არსებულ სამართლიან წონასწორობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ის აყალიბებს ალტერნატიულ საბაზრო ფუნდამენტალიზმს.
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს ერთიან მოდელს, რომელშიც წარმოების მართვა ეფუძნება როგორც სოციალურ სამართლიანობას, ისე ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. მას სწამს საბაზრო ეკონომიკის მექანიზმების, სადაც ბაზრის ძალები მიჩნეულია განვითარების ძირითად და მამოძრავებელ ძალებად. ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა აღიარებს საარსებო გარემოსა და სოციალური მდგომარეობის ხარისხს, როგორც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ფუნდამენტურ დიმენსიებს. იგი ფოკუსირდება ეკოლოგიურად თავსებად წარმოების პროცესებზე და მიაჩნია, რომ გარემოს დაცვა და სოციალური სამართლიანობა წარმოადგენს აუცილებელ კრიტერიუმებს ეკონომიკური საქმიანობისათვის. ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს ფიქრსა და მოქმედებას ეროვნული საზღვრების მიღმა, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სფეროებში. მას თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო მოსახლეობის მდგრად და შეუქცევად განვითარებაში. მაღალი სოციალური და საგანმანათლებლო სტანდარტები გავლენას ახდენს დემოგრაფიულ განვითარებაზე. მისი პრიორიტეტია პარტნიორების მოძიება განვითარებად ქვეყნებში და განვითარებად ბაზრებზე. ინვესტიციები მათ სოციალურ სტრუქტურებში საძირკველს უყრის მათსავე გარემოსა და ეკონომიკის მშვიდობიან თანაარსებობას მომავალში.

დასკვნა

ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით საჭიროებს შეჯერებულ გლობალურ წესებს. მისი იმპლემენტაცია რეგიონულ დონეზე შეზღუდულია კონკურენციით გამოწვეული შესაძლო დამახინჯებებისაგან. მისი რეალიზაციისათვის აუცილებელია ფართო საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევა. ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკის მდგრადი განვითარება ასევე ითხოვს, რომ ეროვნულ, ეკოლოგიურ, სოციალურ-კულტურულ და პოლიტიკურ ასპექტებს დაეთმოს იმგვარივე ყურადღება, როგორიც ეკონომიკურ ასპექტს. იგი ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, კერძო სექტორის ინიციატივებს. სოციალური და ეკოლოგიური საბაზრო ეკონომიკის მიზანს წარმოადგენს ეკოსისტემის შენარჩუნება, სოციალური სამართლიანობა, პატიოსანი კონკურენცია, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა.
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა არის ეკონომიკური წესრიგის ღია კონცეპტი, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ განვითარებას. იგი იძლევა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის დიალოგის შესაძლებლობას, ყველა მხარის ინტერესთა შეჯერების მისაღწევად. ის ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ წესრიგს, რომელიც აისახება საზოგადოების ფასეულობებსა და კულტურულ თავისებურებებში. მოცემულ სისტემაში სახელმწიფოს გააჩნია მაკორექტირებელი და მარეგულირებელი ფუნქციები. შეიძლება ითქვას, რომ ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა არის ნაყოფიერი ალტერნატივა ცენტრალიზებული დაგეგმარების ეკონომიკასა და ლიბერალურ ეკონომიკას შორის [6].
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა სამეწარმეო თავისუფლების წყალობით ქმნის ეკონომიკურ სიმდიდრეს და ამ სიმდიდრის გადანაწილებაში იძლევა მონაწილეობის და სოცილური სამართლიანობის მიღწევის შესაძლებლობას. მას გააჩნია ეფექტური ინსტრუმენტები გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. ეკო-სოციალური საბაზრო ინსტრუმენტები გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს მოცემული ქვეყნის პირობებს საერთაშორისო განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, ოპტიმალური შედეგების მიზანს ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა ვერასოდეს სრულყოფს, მიუხედავდ ამისა, ის საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს შეუქცევადი პროგრესი და ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც გარდაუვლად წარმოიქმნება დროდადრო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბაზრო ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტების სინთეზი აყალიბებს ალტერნატიულ საბაზრო ფუნდამენტალიზმს, რომლის საფუძველია ინოვაციური საბაზრო ეკონომიკა სოციალური სამართლიანობითა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობით, სადაც სოციალური წონასწორობა წარმოადგენს სოცილური კონსენსუსის, ხოლო ეკოლოგიური მდგრადობა - ცივილიზაციის გადარჩენის წინაპირობას.
ჰუმანური ეკონომიკა არ არის ოცნება. იგი უკვე ყველგანაა. ის არსებობს თეორიულად და პრაქტიკულად, თუმცა მის ჩრდილში მოქცევას განაპირობებს ის ეკონომიკური მოდელები და მიდგოები, რომლებიც დომინირებს მედიასა და უნივერსიტეტებში. ჰუმანური ეკონომიკის, როგორც მორალური და პოლიტიკური პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალი ინსტიტუციური სინთეზის შექმნა და დანერგვა პრაქტიკაში, რათა ყოველთვის არსებობდეს ღია წარმოდგენები უკეთესი მომავლის მსოფლიოს მიმართ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Ökosoziale Marktwirtschaft – Wikipedia, Http://de.wikipedia.org/wiki/%C3%96oekosoziale Marktwirtschaft
2. http://www.slideshare.net/netzwerkvonchristen/eco-social-market-economy-21-7-2010
3. ORDO: Jahrbuch für die Ordnung von Wirtschaft und Gesellschaft, Band 51, 2000, S. 169-202
4. Social and Ecological Market Economy. ,,A General Overview“, Dieter W. Benecke. www.kas.de/wf/doc/Kas1857-1522-1-30_pdf
5. http://www.seri.at
6. Social and Ecological Market Economy, http://www.nbinepal.org.np/adetail.php?id=25